English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ ელგუჯა მექვაბიშვილი
ეკონომიკსის ახალი პარადიგმების ძიება (კომენტარები ჯეიმს კ. გელბრეიტის სტატიაზე „რა არის ეკონომიკსი? პოლიტიკური დისციპლინა რეალური მსოფლიოსთვის“)

ეკონომიკსის ახალი პარადიგმების ძიება

(კომენტარები ჯეიმს კ. გელბრეიტის სტატიაზე „რა არის ეკონომიკსი? პოლიტიკური დისციპლინა რეალური მსოფლიოსთვის“)

 

 მსოფლიოში მიმდინარე პროცესები - ეკონომიკის გლობალიზაცია, დიჯიტალიზაცია, გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის წარმოშობა და განვითარება, კოვიდ 19-ით გამოწვეული კორონომიკური კრიზისი და სხვ. დღის წესრიგში აყენებს „ძველი“, ორთოდოქსული, ნეოკლასიკურ-ნეოლიბერალური ეკონომიკსისგან პრინციპულად განსხვავებული „ახალი“ ეკონომიკსის პარადიგმების შექმნის აუცილებლობას. ეს უაღრესად რთული ამოცანაა, ვინაიდან ბევრი, მათ შორის მენტალური ხასიათის ბარიერი არსებობს, რაც მკვლევარებს ხელს უშლის უარი თქვან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეკონომიკურ მეცნიერებაში ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებზე და ზოგადად ინერციულ ეკონომიკურ აზროვნებაზე. ბუნებრივია, ამ წინააღმდეგობების დაძლევა საკმაოდ დიდ დროსა და ძალისხმევას საჭიროებს. ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის ჯეიმს კ. გელბრეიტის სტატია ერთ-ერთ ასეთ საკმაოდ წარმატებულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ამ მიმართულებით, რომელიც გვთავაზობს „ახალი“ ეკონომიკსის თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლის ცალკეული ასპექტების საინტერესო და ორიგინალურ ანალიზს.

 

საკვანძო სიტყვები: „ახალი“ ეკონომიკსი, ნეოკლასიკურ-ნეოლიბერალური ეკონომიკსი, ქცევითი ეკონომიკსი, სირთულის ეკონომიკსი, ნეოინსტიტუციონალიზმი, „სასარგებლო“ ეკონომისტი, თვითრეგულირებადი ბაზარი, ეკონომიკური რეგულირება.

 

 შესავალი

 

სტატია, რომლის ქართულ ენაზე თარგმნას ვთავაზობთ ჩვენი ჟურნალის მკითხველს, ეკუთვნის ცნობილ ამერიკელ თეორეტიკოს-ეკონომისტს ჯეიმს კ. გელბრეიტს. იგი არის მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ამერიკელი ეკონომისტის, ჯონ კენეტ გელბრეიტის ვაჟიშვილი. ამჟამად მოღვაწეობს ლინდონ       ბ. ჯონსონის საჯარო ურთიერთობის სკოლაში, ტეხასის უნივერსიტეტში, ქალაქ ოსტინში.

სტატია ბევრი საკითხის საინტერესო თეორიულ-მეთოდოლოგიურ ანალიზს შეიცავს თეორიული ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკის, ეკონომიკური აზრის ისტორიის, მიკრო და მაკრო ეკონომიკის სფეროებიდან. მათ შორის გამოვყოფთ: მეინსტრიმული ნეოკლასიკური თეორიის მწვავე და არგუმენტირებული კრიტიკა; „რეალური“ ეკონომიკსის როლის შეფასება ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში;  „სასარგებლო“ ეკონომისტის ცნების გამოყოფა და დახასიათება; სხვადასხვა თეორიულ-ეკონომიკური მიმართულების შემეცნებითი პოტენციალის განსაზღვრა ახალი თეორიული პარადიგმების შემუშავების კუთხით; საბაზრო ეკონომიკის რეგულირების აუცილებლობის დასაბუთება.  სტატიაში მოკლედ შევეხებით ზოგიერთ მათგანს.

 

მეინსტრიმული ნეოკლასიკურ-ნეოლიბერალური ეკონომიკსის კრიტიკა

 

ნეოკლასიკური ეკონომიკსის შექმნა იყო გამოძახილი, როგორც სტატიის ავტორი წერს, „შიშის რეფლექსია სამყაროში მიმდინარე ცვლილებების, შეუქცევადი დროისა და მოსალოდნელი ძვრების მიმართ“ ამის საპირისპიროდ ნეოკლასიკამ შექმნა „მოხერხებულად მოშინაურებული, ყოვლისმომცველი, თვითრეგულირებადი და კეთილთვისებიანი“ ბაზრის პოსტულატი, რაც შემდგომში მოდიფიცირებას განიცდიდა ა. მარშალის, ლ. ვალრასის, პ. სამუელსონის, კ. ეროუს, ჟ. დებრეს და სხვათა ნაშრომებში. ეს იყო გარკვეული მიმართულების ეკონომიკური აზრის განვითარება ა. სმიტის „უხილავი ხელის“ მეტაფორიდან, რეალური ბიზნეს ციკლის (RBC) მოდელებში ფ. კუდლანდისა და ე. პრესკოტის მიერ შეთავაზებულ დინამიური სტოქასტური საერთო წონასწორობის (DSGE) კონცეფციამდე.

შექმნა რა, საკუთარი ტაქსონომიური სტრუქტურებისა და კონცეფციების ჩარჩო, ნეოკლასიკურმა ეკონომიკსმა მის ფარგლებს გარეთ გასვლა „ერესის“ მსგავს დანაშაულად გამოაცხადა, რაც ნებისმიერ შემთხვევაში ინტელექტუალურად დასჯადი უნდა გამხდარიყო. შედეგად მივიღეთ, როგორც ავტორი სწორად აღნიშნავს, „წმინდა“ აბსტრაქტული თეორია და ეკონომიკსი დაემსგავსა პროფესორ პანგლოსის[1] მარადიულ მოძღვრებას ყველაფრის შესახებ, რომლის დიაპაზონი ყველა წარმოსახვით სიტუაციაზე ვრცელდებოდა რეალურ სამყაროში მართლაც მნიშვნელოვანი სიტუაციების გარდა. სტატიის ავტორი პროფ. პანგლოსის სახით ხაზს უსვამს იმ ღრმა წინააღმდეგობას, რაც არსებობს საყოველთაო ჰარმონიის მქადაგებელ ნეოკლასიკურ ეკონომიკსსა და რეალური სინამდვილის მწვავე პრობლემებს შორის, რასაც ვერ „ამჩნევენ“ ან შეგნებულად გვერდს უვლიან ამ მიმართულების წარმომადგენლები. ჯ. გელბრეიტის აზრით, აუცილებელია, რომ ეკონომისტმა უარი თქვას რეალობისადმი მსგავს დამოკიდებულებაზე. მან კაპიტალისტური ეკონომიკური წყობა არ უნდა წარმოადგინოს როგორც წინასწარგანჭვრეტილი ღვთიური ნება ან მათემატიკური ჰარმონია, არამედ ის უნდა განიხილოს გაცნობიერებული პოლიტიკის რეალურ შედეგად. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა ეკონომიკსის შესაბამისი განზოგადებები, გამარტივებები, ევრისტიკა და პრინციპები მიღებული იქნება რეალური სამყაროს შესწავლის გზით. მეცნიერი არ უარყოფს ეკონომიკურ ანალიზში მათემატიკური ინსტრუმენტების გამოყენებას, მაგრამ იქვე დასძენს, რომ მხოლოდ მათი გამოყენება არაადეკვატურია განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი გამომდინარეობენ „ნეოკლასიკური მეინსტრიმის მკვდარი დოგმებიდან“. ჩვენი აზრით, ეს არის საკითხისადმი სწორი მიდგომა, რასაც ზოგიერთი სხვა მეცნიერიც გვთავაზობს (მაგალითად, ვ. პაპავა (2018)[2]; ე. რეინერტი (2019)[3]; P. Söderbaum (2021)[4]; D. Rodrik (2017)[5] და სხვ.)

მეოცე საუკუნე ნეოკლასიკის აღზევების ეპოქა აღმოჩნდა, მისთვის დამახასიათებელი აშკარა და სერიოზული ხარვეზების მიუხედავად. მისი განსაკუთრებული ტრიუმფი უკავშირდება საბჭოური ტიპის სოციალისტური სისტემის დაშლას. ხშირად არ გაითვალისწინება ის ფაქტი, რომ ნეოკლასიკურმა რეცეპტებმა, ისტორიულად მოკლე დროში, წარმოშვა ისეთი პრობლემები როგორიცაა დეინდუსტრიალიზაცია, ხანგრძლივი რეცესია (სტაგნაცია), უთანასწორობა და არასტაბილურობა. მართალია 2007-2009 წლების გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა მძიმე დარტყმა აგემა ნეოკლასიკურ-ნეოლიბერალურ თეორიას, მაგრამ არ მომხდარა ეკონომიკის პარადიგმული ცვლილება. ჩვენი აზრით, ამას ორი მთავარი მიზეზი ჰქონდა: პირველი ის, რომ ნეოკლასიკურ თეორიას, მისი იდეური წყაროს -კლასიკური (ლიბერალური) მოძღვრების გათვალისწინებით, საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. შესაბამისად, ის ღრმად არის ფესვებგადგმული აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების აზროვნებაში; მეორე მიზეზი  მდგომარეობს იმაში, რომ ნეოკლასიკური ეკონომიკსი გამოხატავს რა, გაბატონებული პოლიტიკური ელიტების ინტერესებს, მათი მუდმივი დაცვის ქვეშ იმყოფება. სტატიის ავტორი გაკვრით ახსენებს კოვიდ-19 პანდემიას, რაც, მისი აზრით, შეიძლება გახდეს ნეოკლასიკური მოძღვრების „საბოლოო კოლაფსის“ მიზეზი. თუმცა, ამ საკითხის გაშლა, რაც ძალიან საინტერესო იქნებოდა, სამწუხაროდ, მოცემული არ არის.

ნეოკლასიკური მეინსტრიმის კრიზისი, რაშიც ჯ. გელბრეიტს ეჭვი არ ეპარება, დღის წესრიგში ლოგიკურად აყენებს მისი ახალი მიმართულებით ჩანაცვლების საკითხს. კერძოდ რით? შესაძლო პრეტენდენტებს შორის ის ორ თეორიულ მიმართულებას ასახელებს - ქცევით ეკონომიკსს და სირთულის ეკონომიკსს. თუმცა, იმ სიახლეების მიუხედავად, რაც ამ მიმართულებებს შეაქვთ ეკონომიკურ აზროვნებაში, მეცნიერის აზრით, ისინი ნაკლებად შეიძლება აღვიქვათ პრინციპულად ახალი პარადიგმების მატარებლებად. ამის მიზეზი ისაა, რომ ორივე მათგანი „ნეოკლასიკურ მიმართულებას იღებს ამოსავალ წერტილად და აგრძელებს საკუთარი თავის განსაზღვრას ამ ორთოდოქსულ მოძღვრებასთან მიმართებით.“ სტატიის ავტორი ასევე ნეოკლასიკურ წარმონაქმნებს უწოდებს ახალ ინსტიტუციონალიზმს, ახალ კლასიკურ ეკონომიკსს და ახალ კეინზიანიზმს. მათაც ქცევითი ეკონომიკსისა და სირთულის ეკონომიკსის მსგავსად, „ნეოკლასიკური ორთოდოქსია აირჩიეს თავიანთ მცდარ წინაპირობად“ და „სწორედ ეს არის მათი მთავარი პრობლემა“. ზემოაღნიშნული კონტექსტით, სტატიაში ასევე ნახსენებია ევოლუციური ეკონომიკსი და ბიოფიზიკური ეკონომიკსი. რომელთა შესახებაც მხოლოდ ნათქვამია, რომ ისინი ნეოკლასიკურ ეკონომიკსთან მჭიდრო კავშირის გამო, ზოგიერთი მკვლევარის მიერ მისი წარმოშობის წინაპირობადაც განიხილებიან.

 

ვინ არის „სასარგებლო“ ეკონომისტი?

 

თეორეტიკოსი ეკონომისტები ქმნიან იდეებს, კონცეფციებს, პროგრამებს, პოლიტიკოსები კი მათ ახორციელებენ ცხოვრებაში. ასეთი თანამშრომლობის ბევრი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი ისტორიიდან: კეინზის მოძღვრების ფუნდამენტური პრინციპები ფართოდ იქნა გამოყენებული ფ. დ. რუზველტის „ახალ კურსში“; ლაფერის მრუდი – რეიგანის ეკონომიკის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი გახდა; ე. გაიდარისა და გ. იავლინსკის რეფორმატორული იდეების პრაქტიკული გამოყენების წარუმატებელი მცდელობა იყო მ. გორბაჩოვის მიერ „პერესტროიკის“ ფარგლებში განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკა და ა.შ.

ეკონომისტთა სიმცირეს დღევანდელი მსოფლიო ნამდვილად არ განიცდის, თუმცა ბოლო ათწლეულების განმავლობაში აშკარაა ნოვაციური იდეების ნაკლებობა, რაც ბევრი ეკონომისტის აზრით (პაპავა ვ. (2018); ლეიაშვილი პ. (2002); მექვაბიშვილი ე. (2018); ასათიანი რ. (2018); ხარბედია რ. (2018); თოქმაზიშვილი მ. (2018); Krugman P. (2009); Skidelsky R. (2016; 2018);  Söderbaum P. (2017); Кэй Дж. (2012); Коландер Д., Фёльмер Г., Хаас А., Голдберг М., Юселиус K., Кирман А., Люкс Т., Слот Б. (2010); Колодко Гж. (2010) და სხვ.), ეკონომიკური მეცნიერების ღრმა კრიზისის გამოხატულებად შეიძლება ჩაითვალოს. აღნიშნული გარემოება პრინციპულად ახალი გამოწვევის წინაშე აყენებს ეკონომისტებს. ვის შეუძლია ამ პრობლემებთან გამკლავება? რა თქმა უნდა, არა იმათ, ვინც პანგლოსური ჰარმონიის მქადაგებელი ეკონომიკური თეორიებითაა დაკავებული. ჯეიმს გელბრეიტის აზრით, ეკონომისტი, პირველ რიგში, პოლიტიკის პრაქტიკული საკითხებით უნდა იყოს დაინტერესებული და უნდა ეძებდეს მათი გადაჭრის რეფორმისტულ თუ რევოლუციურ გზებს. ის ჩამოთვლის „სასარგებლო“ ეკონომისტისთვის დამახასიათებელ ნიშნებს: გახსნილი გონება, პრობლემების გაცნობიერება და არა სხვებისთვის ბრმად მიბაძვა, არაამბიციურობა, ფინანსური სარგებლის მიღებით თუ პოლიტიკური სტატუსის ამაღლებით დაუინტერესებლობა. „ის არ ფიქრობს საკუთარი პოპულარულობის კოეფიციენტზე ცნობილ ეკონომისტთა ჩამონათვალში“. განსაზღვრულია მთავარი საკითხების წრეც, რომელთა კვლევას „სასარგებლო“ ეკონომისტი პრიორიტეტულად მიიჩნევს: გარემოს დაბინძურების ეკონომიკური ასპექტები, არაგანახლებადი რესურსის გამოყენება, სამართლიანი და ეფექტიანი გადასახადები, თავისუფალი მოქალაქეების ნებაყოფლობითი თანამშრომლობა და ა.შ. ნებისმიერი ეკონომისტი, რომელსაც თავი შორს უჭირავს ასეთი პრობლემების კვლევისგან, გელბრეიტის აზრით, „არის უსაქმური და არა იმდენად მეცნიერი, რამდენადაც მოყვარული“. იგი პირდაპირ არ ამბობს, რომ ასეთ „არასასარგებლო“ ეკონომისტებად ნეოკლასიკური თეორიის წარმომადგენლებს მიიჩნევს, თუმცა მისი მსჯელობის ლოგიკას სწორედ ასეთ დასკვნამდე მივყავართ. შედარებისთვის, მეცნიერი ახსენებს სხვადასხვა ეპოქის თვალსაჩინო ეკონომისტებს, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ პრაქტიკული ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტას რეალური პოლიტიკის წარმართვის კონტექსტით და აღნიშნავს: „მოსაზრება, რომ რომელიმე საუკუნის რომელიმე გამოჩენილი ეკონომისტი განზე დგას თავისი ეპოქის პოლიტიკური საკითხებიდან, წმინდა წყლის სიცრუეა“. მაშინ, რა არის პრობლემა? მისი აზრით, პრობლემაა არა ეკონომისტების მიერ რეალური სინამდვილის კვლევის დეფიციტი, არამედ მათი არასათანადო დაფასება იმის გამო, რომ ისინი ვერ ‘’ეწერებიან’’ დომინანტურ და მეინსტრიმულ მიმართულებაში.

 

ეკონომიკური ტაქსონომიის შესახებ

 

თანამედროვე ეკონომიკური კვლევების ცენტრალურ პრობლემად სტატიაში დასახელებულია ეფექტიანი ტაქსონომიის არარსებობა. ტაქსონომია, რომელიც ნეოკლასიკურ ეკონომიკსს ახასიათებს, ავტორის აზრით, პრიმიტიულია, იდეოლოგიური კლიშეების კლანჭებშია მოქცეული, ასახავს XIX საუკუნის დიქოტომიებს და მათ „დენატურირებულ შემცვლელებს“. შესაბამისად, XXI საუკუნეში სერიოზული კითხვები ჩნდება ასეთი ტაქსონომიის ვალიდურობასთან დაკავშირებით.

მეორე მხრივ, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რასაც ფართოდ იყენებდნენ XX საუკუნის თვალსაჩინო ეკონომისტები (ჯ.მ. კეინზი, ს. კუზნეცი, რ. სტოუნი და სხვები) ხშირად მოკლებულნი არიან საჭირო სიზუსტეს, მიკროეკონომიკური საფუძვლების არასაკმარისი დასაბუთების გამო. მეცნიერის აზრით, ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ის აყენებს ისეთი „სახიფათო და ღრმად გამჯდარი ტაქსონომიური ჩვევის“ დაძლევის საკითხს, როგორიცაა, „მიკრო“ და „მაკრო“ ეკონომიკებად დაყოფა. ეს უკანასკნელი მას მიაჩნია პოლიტიკური კომპრომისის პროდუქტად, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში გაფორმდა აშშ-ს პოლიტიკურ დეპარტამენტებში იმ დროს აღმავლობის გზაზე დამდგარ კეინზიანელებსა და „განსაზღვრულ პატარა მოაზროვნეთა“ ფართო ფენას შორის, „რომლებიც საფუძვლიანად იყვნენ გაწვრთნილი ა. მარშალის მიწოდებისა და მოთხოვნის ანალიტიკაში“. მათ არც იმის სურვილი და არც შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ „ნეოკლასიკური ნიუტონის მექანიკიდან კეინზის მიერ შეთავაზებულ აინშტაინის ფარდობით თეორიაზე გადასულიყვნენ“.

 

ეკონომიკური რეგულირების შესახებ

 

ახალი ეკონომიკსის ერთ-ერთ პარადიგმად ჯეიმს კ. გელბრეიტი გლობალური ეკონომიკის, „როგორც ეკონომიკური ანალიზის ამოსავალი წერტილის“ და რეგულირების, როგორც ეკონომიკური ცხოვრების წარმმართველი მექანიზმის ერთიანობას მიიჩნევს. რეგულირება არის ნებისმიერ სისტემის სტაბილურობის, მდგრადობისა და სიმტკიცის აუცილებელი პირობა. ამ თვალსაზრისით, ეკონომიკური სისტემა არაფრით განსხვავდება ბიოლოგიური ან მექანიკური სისტემებისგან. „რეგულირების, მართვის და წესების გარეშე ისინი სწრაფად განიცდიან კრახს“. აღნიშნულიდან გამომდინარე, გლობალური მასშტაბის შესაბამისი, ეფექტიანი და ავტონომიური რეგულირების პრობლემა დღეს-დღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია, რაც დგას ეკონომიკური პოლიტიკის სპეციალისტების წინაშე. იგი ერთგვარ „წყალგამყოფად“ შეიძლება ჩაითვალოს ახალ ეკონომიკსსა და ჯერ კიდევ მეინსტრიმულ ნეოკლასიკურ-ნეოლიბერალურ ეკონომიკსს შორის. ამ უკანასკნელის თანახმად, ეკონომიკა არის მუდმივ წონასწორობაში მყოფი თვითრეგულირებადი სისტემა, რაც ეფუძნება საკუთრების უფლებების სწორ განაწილებას, კონკურენციას და ფასებს. ნეოკლასიკოსები თვლიან, რომ ეკონომიკური სისტემის ჰარმონია და წონასწორობა შეიძლება დაირღვეს მხოლოდ გარედან ინტერვენციის შედეგად[6], ეკონომისტის ამოცანა კი, მდგომარეობს ამ ჩარევის თავიდან აცილებაში ან მინიმუმამდე დაყვანაში. ახალი ეკონომიკსის თანახმად, რეგულირება არის არა ბაზრის რაღაც უსარგებლო დანამატი, არამედ მისი ნორმალური და ეფექტიანი ფუნქციონირების აუცილებელი პირობა. ჩვენ მთლიანად ვეთანხმებით საკითხისადმი ასეთ მიდგომას და მიგვაჩნია, რომ დიქოტომიური აზროვნება - „ან რეგულირება ან ბაზარი“, წარსულს ჩაბარდა. თანამედროვე და განსაკუთრებით მომავლის ეკონომიკაში ისინი ერთმანეთის ალტერნატივები კი არ არიან, არამედ ქმნიან სიმბიოზს, რაც უზარმაზარი პოზიტიური პოტენციალის შემცველია გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

 

დასკვნა

 

ამრიგად, ჯეიმს კ. გელბრეიტის სტატია შეიცავს, როგორც მეინსტრიმული ნეოკლასიკურ-ნეოლიბერალური ეკონომიკსის მწვავე და არგუმენტირებულ კრიტიკას, ისე ახალი ეკონომიკსის თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლის ელემენტებს, მათი სისტემატიზაცია და ახალი პარადიგმის სახით ჩამოყალიბება მომავლის ამოცანაა, რაც მკვლევართა კოლექტიურ ძალისხმევას მოითხოვს. მეცნიერის ნააზრევი ბიძგს იძლევა სწორედ ამ მიმართულებით სამოძრაოდ, რაც მის უდაო დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს.

 

ლიტერატურა:

  • ასათიანი რ. (2018). „ახალი ნეოკლასიკური სინთეზი“-XX საუკუნის ახალი პარადიგმა. გლობალიზაცია და ბიზნესი, #6.
  • თოქმაზიშვილი მ. (2018). გლობალური ეკონომიკური კრიზისი და ეკონომიკური მეცნიერება. გლობალიზაცია და ბიზნესი, #5.
  • ლეიაშვილი პ. (2002). ეკონომიკური თეორია და პრაქტიკა გარდამავალ ეტაპზე. თბილისი: „აზრი“.
  • ლეიაშვილი პ. (2017). ეკონომიკური მოღვაწეობა: სისტემური ანალიზი. თბილისი: „სიახლე“
  • მექვაბიშვილი ე. (2012). თანამედროვე მაკროეკონომიკური თეორიები. თბილისი: ‘’ინოვაცია’’.
  • მექვაბიშვილი ე. (2018). გლობალიზაციის ეპოქის ფინანსური კრიზისები და საქართველოს ეკონომიკა. თბილისი: „ინტელექტი“.
  • მექვაბიშვილი ე. (2018). „ეკონომიკური კრიზისების თეორია თუ ეკონომიკური თეორიის კრიზისი?“ გლობალიზაცია და ბიზნესი, #6.
  • რეინერტი ს. ე. (2019). როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბად. თბილისი.
  • პაპავა ვ. (2018). „ეკონომიკური მეცნიერების კრიზისი და ახალი პარადიგმის ძიებისათვის“.  გლობალიზაცია და ბიზნესი, #6.
  • ხარბედია რ. (2018). „ეკონომიკური პრობლემები თუ ეკონომიკური მეცნიერების კრიზისი“. გლობალიზაცია და ბიზნესი, #6.
  • Krugman P. (2009). How Did Economics Get It So Wrong? “The New York Times, Sept., #2.
  • Skidelsky R. (2016). “Economists Versus the Economy”. Project Syndicate, December 23,            https://www.project-syndicate.org/commentary/mathematical-economics-training-too-narrow-by-robert-skidelsky-2016-12?barrier=accesspaylog
  • Soderbaum P. (2017). “Do Wee Need A New Economics For Sustainable Development?” Real-/world Economics Review, Issue #80.http://www.paecon.net/PAEReview/issue80/Soderbaum80.pdf
  • Кэй Дж. (2012). “Карта — не территория: о состоянии экономической науки“ Вопросы экономики, #5.
  • Коландер Д., Фёльмер Г., Хаас А., Голдберг М., Юселиус K., Кирман А., Люкс Т., Слот Б. (2010); „Финансовый кризис и провалы современной экономической науки“ Вопросы экономики, #6.
  • Колодко Гж. (2010). Неолиберализм и мировой экономический кризис. Вопросы экономики, #3.

 

References:

  • Asatiani R. (2018). “akhali neoklasikur sintezi-XX saukunis akhali paradigma”. Globalizacia da Biznesi, #6, ["New Neoclassical Synthesis" – a New Paradigm of the XX Century. Globalization and Business, # 6.] in Georgian
  • Tokmazishvili M. (2018). “globaluri ekonomikuri krizisi da ekonomikuri mecniereba”. Globalizacia da Biznesi, #5.  [Global Economic Crisis and Economic Science. Globalization and Business, # 5.] in Georgian
  • Leiashvili P. (2002). ‘’ekonomikuri teoria da praqtika gardamaval etapze.’’ Tbilisi: “azri”. [Economic Theory and Practice in Ttransition. Tbilisi: "Azri".] in Georgian
  • Leiashvili P. (2017).’’ ‘’ekonomikuri mogvaceoba: sistemuri analizi.’’ Tbilisi: “siaxle”. [Economic activity: System Analysis. Tbilisi: "Siakhle".] in Georgian
  • Mekvabishvili E. (2012). ‘’tanamedrove makroekonomikuri teoriebi.’’ Tbilisi. [Modern macroeconomic theories. Tbilisi.] in Georgian
  • Mekvabishvili E. (2018a). ‘’globalizaciis epoqis finansuri krizisebi da saqartvelos ekonomika’’. Tbilisi: “Inteleqti”. [Financial Crises of the Globalization Era and the Georgian Economy. Tbilisi: "Intellect".] in Georgian
  • Mekvabishvili E. (2018b). ‘’ekonomikuri krizisebis teoria tu ekonomikuri teoriis krizisi’’? Globalizacia da Biznesi, #6,  ["Theory of Economic Crisis or the Crisis of Economic Theory?" Globalization and Business, # 6.] in Georgian
  • Reinert S. E. (2019). ‘’rogor gamdidrdnen mdidari qveynebi da ratom rchebian gharibi qveynebi gharibad.’’ Tbilisi. [How Rich Countries Got Rich and Why Poor Countries Stay Poor .Tbilisi] in Georgian
  • Papava V. (2018). “ekonomikuri metsnierebis krizisi da akhali paradigmis dziebisatvis. Globalizacia da Biznesi, #6 ["The Crisis of Economics And for Search of The New Paradigm." Globalization and Business, # 6.] in Georgian
  • Kharbedia R. (2018). “ekonomikuri problemebi tu ekonomikuri metsnierebis krizisi”? Globalizacia da Biznesi, #6. ["Economic Problems or the Crisis of Economic Science?" Globalization and Business, # 6.] in Georgian
  • Krugman P. (2009). How Did Economics Get It So Wrong? “The New York Times, Sept., #2.
  • Skidelsky R. (2016). “Economists Versus the Economy”. Project Syndicate, December 23,            https://www.project-syndicate.org/commentary/mathematical-economics-training-too-narrow-by-robert-skidelsky-2016-12?barrier=accesspaylog
  • Soderbaum P. (2017). “Do Wee Need A New Economics For Sustainable Development?” Real-/world Economics Review, Issue #80, http://www.paecon.net/PAEReview/issue80/Soderbaum80.pdf
  • Kay J. (2012). “karta ne teritoria: o sostaianii ekonomicheskoi nauki” voprosi ekonomiki #5. [“The Map Is Not the Territory: On the State of Economics” Issues of Economics, #5.] in Russian
  • Kolander D., Volmer G., Haas A., Goldberg M., Yuselius K., Kirman A., Lux T., Slot B. (2010); “finansovi krizis I pravali savremennoi ekonomicheskoi nauki.” voprosi ekonomiki #6.  ["The Financial Crisis and the Failures of Modern Economics" Issues of Economics, #6.] in Russian
  • Kolodko Gzh. (2010).            

 neoliberalism I miravoi ekonomicheski krizis’’. voprosi ekonomiki #3.  [Neoliberalism and the Global Economic Crisis. Issues of Economics, #3.] in Russian



[1] პროფესორი პანგლოსი არის ვოლტერის ნოველის „კანდიდი ანუ ოპტიმიზმი“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი. იგი „როგორც ბრძენი მეტაფიზიკო-თეოლოგო-კოსმო-კოდოლოგიის მასწავლებელი,“ ქადაგებდა ოპტიმისტურ დეტერმინიზმს, რის თანახმადაც „მხოლოდ გარე ძალებს-იქნებოდა ეს ბედისწერა, რწმენა, ღმერთი თუ ბაზარი - შეუძლია გარდაქმნის მოტანა“ (ერიკ ს. რეინერტი, 2019, გვ. 22). სამყარო, რომელშიც პანგლო ცხოვრობდა, მის წარმოსახვაში „იყო ყველაზე საუკეთესო, ყველა სხვა სამყაროთა შორის“ (იქვე).

[2] პროფ. პაპავა წერს: „მათემატიკის გამოყენება, ერთი მხრივ, აძლიერებს, უფრო ზუსტად კი, აღრმავებს ეკონომიკური სინამდვილის კვლევას, თუმცა, იმავდროულად, კვლევის მხოლოდ მათემატიკით შემოფარგლა ავიწროებს სინამდვილის მეტ-ნაკლებად სრულყოფილად ასახვის შესაძლებლობას.“

[3] ე. რეინერტის აზრით, “დღევანდელ ეკონომიკსში (იგულისხმება ნეოკლასიკურ-ნეოლიბერალური მეინსტრიმული ეკონომიკსი-ე.მ.) ფოკუსი უფრო მეტად მათემატიკასა და სიზუსტეზე კეთდება, ვიდრე თავად ანალიზის ობიექტზე-ეკონომიკაზე“, რის გამოც თვისებრივ გაგებასთან მიმართებით, მათემატიკური დამტკიცება გაშეშებულ გვამად გადაიქცა“. ამის მიუხედავად „მე რაოდენობრივი ანალიზისა და მათემატიკის წინააღმდეგი არ ვარ, მე მხოლოდ მისი ეკონომიკური ანალიზის ერთადერთ მისაღებ ფორმად აღიარებას ვუპირისპირდები და ვითხოვ სივრცეს აკადემიურ ეკონომიკაში თვისებრივი ანალიზის დასაბრუნებლად. სამყაროს რაოდენობრივი და ხარისხობრივი შესწავლა ერთმანეთს ავსებს“ - დასძენს ე. რეინერტი.

[4] პ. სიოდერბაუმი წერს: „ნეოკლასიკურ თეორიაში მთავარია „წონასწორული მიდგომა“ და ოპტიმალობის ძიება. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ეს მიმართულება (ნეოკლასიკური ეკონომიკსი) ფართოდ იყენებს მათემატიკურ ენას (ტერმინებს) ... მართალია, მათემატიკას თავისი როლი აქვს ეკონომიკაში, მაგრამ ნეოკლასიკოსი ეკონომისტების თითქმის ექსკლუზიური დაყრდნობა მათემატიკაზე შეიძლება საკამათო იყოს“.

[5] დ. როდრიკი ხშირად მსჯელობს ეკონომიკურ ანალიზში მათემატიკური მეთოდებისა და მათზე დამყარებული ეკონომიკური მოდელების გამოყენების დადებით  და უარყოფით მხარეებზე და აღნიშნავს: „მათემატიკა ეკონომიკურ მეცნიერებას სიზუსტეს ანიჭებს. საუბედუროდ, იმავე დროს, იგი მას უსიცოცხლოდ აქცევს“... ზედმეტი ფორმალიზაცია - მათემატიკა მათემატიკისთვის - ეკონომიკაში ხშირად გვხვდება“ ... „მოდელები ერთდროულად ეკონომიკის ძალაცაა და აქილევსის ქუსლიც“.

[6] სტატიის ავტორის სახელგანთქმული მამა ჯონ კენეტ გელბრეიტი, თანამედროვეობის ასევე უდიდესი თეორიტიკოსი ეკონომისტის მილტონ ფრიდმანის შესახებ წერდა: „იგი იყო და დარჩება კონკურენტული ბაზრის მთავარ ამერიკელ დამცველად, რომლის აზრით, ბაზარს არასდროს განუცდია ჩავარდნა იმ შემთხვევების გარდა, როცა მას ზიანი მიადგა არაკომპეტენტური მთავრობის ჩარევის გამო“ (მექვაბიშვილი, 2012).